logo
ENG



ექსპერტი ე.წ აფხაზეთის რკინიგზაზე: მთავარია, რომელი ქვეყნის იურიდიულ ველში იფუნქციონირებს 

16 ნოე 202013:35
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/16/cyjgdnjnb9c9jon.jpg

ექსპერტი ნიკოლოზ ვაშაკიძე ამბობს, რომ ე.წ. აფხაზეთის რკინიგზა, ამოქმედების შემთხვევაში, შესაძლოა გახდეს საშიში სამხედრო გადაზიდვების ობიექტი.

ვაშაკიძის თქმით, პირველ რიგში უნდა დაისვას კითხვა, თუ რომელი სახელმწიფოს იურიდიულ ველში იფუნქციონირებს რკინიგზა: 

"რკინიგზა შეიძლება გახდეს და ამოქმედების შემთხვევაში, ალბათ გახდება, უაღრესად საშიში სამხედრო გადაზიდვების ობიექტი, რამაც შეიძლება მძიმე პრობლემებში ჩაითრიოს ჩვენი ქვეყანა. რაც შეეხება, სამართლებრივ ასპექტს, როცა ამაზე იწყებს ვინმე საუბარს, ჩვენთან ან ზოგადად, პირველი კითხვა რაც უნდა დაისვას, ამოქმედების შემთხვევაში რომელი სახელმწიფოს იურიდიულ ველში იფუნქციონირებს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთი. ამ კითხვაზე პასუხით მთავრდება ყველაფერი",-ამბობს ნიკოლოზ ვაშაკიძე.

დროების წყაროს ინფორმაციით, ოფიციალური მოსკოვი და ოკუპირებული სოხუმი ე.წ. აფხაზეთის რკინიგზის განახლებაზე შეთანხმდნენ. 

როგორც წყარო აცხადებს, აღნიშნულ თემაზე შეხვედრა 12 ნოემბერს, სოჭში შედგა, სადაც ერთმანეთს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ოკუპირებული რეგიონის დეფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია შეხვდნენ. 

ასევე წყაროს ცნობით, საკითხზე კომუნიკაცია შედგა ივანიშვილთანაც.

პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობებში, ზურა აბაშიძე ამბობს, რომ საკითხის განხილვა დღის წესრიგში დიდი ხანია არ ყოფილა. 

"არ ყოფილა ეს დღის წესრიგში დიდი ხანია. არ დგას დღის წესრიგში, არ მდგარა და არც მდგარა. დიდი ხანია საერთოდ არ უხსენებიათ ჩვენს შეხვედრებზე",-ამბობს ზურა აბაშიძე.

ცნობისთვის, ადრე ე.წ. აფხაზეთის რკინიგზა რუსეთსა და საქართველოსაც აკავშირებდა ერთმანეთთან, მაგრამ კავშირი მთლიანად 1992-94 წლების ომის შემდეგ შეწყდა.


close დახურვა